История фамилии Марсагишвили
ავტორი: გივი პავლეს-ძე მარსაგიშვილი (სვიმეთი)- ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნილია: მიხეილ სტეპანეს-ძე წიკლაურის მიერ.
ტროპასშვილები-ტროპენი-მარსაგიშვილი
ტროპენი-რომელნიც მიეკუთვნებიან მარსაგიშვილების გვარს და ამ გვარის მატარებელნი არიან დღეს, სინამდვილეში წარმოადგენენ ამ გვარისგან, ცალკე დამოუკიდებელ საგვარეულოს (სავარაუდოდ ნაყარ გვარს და არა განაყარს) რომელთაც მარსაგიშვილების არცერთ განაყართან სისხლისმიერი ნათესაობა არ აკავშირებთ. მე-19 საუკუნის ბოლოს დაბადებულმა ტროპეთ წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ თავიანთი წინაპრების ჩამომავლობა და წარმოშობა, წინა თაობების გადმოცემა-მონათხრობით. კარგ მთხრობელად ითვლებოდა გიორგი ზარიბეგის-ძის (დაბ. 1822 წ.) მეუღლე თამარ ივანეს ასული პაპიაშვილი (დაბ. 1826 წ.), რომელმაც 104 წელი იცოცხლა და სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა მეხსიერება და ნათელი გონება. მას კარგად ახსოვდა არა მხოლოდ თავისი ცხოვრება ბავშვობიდან მოყოლებული, არამედ თავისი წინაპრების მოყოლილი ამბები ტროპეთ გვარ-ჩამომავლობაზე და თვითონაც ზეპირად სიამოვნებით გადასცემდა მათ მონაყოლს თავის მრავალრიცხოვან შვილთაშვილებს, და შვილთაშვილის შვილებს. თამარ პაპიაშვილი ადრე დაქვრივდა. მისი მეუღლე გიორგი ზარიბეგის-ძე მარსაგიშვილი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა და თამარს დაუტოვა 3 მცირეწლოვანი ბავშვი: ქალიშვილი ანა-1854 წ., ბიჭები სვიმონი-1857 წ. და იოსები (ომა)- 1859 წ. მათ აღზრდა ჩამოყალიბებაში თამარს სულგრძელად ეხმარებოდნენ გიორგის ძმა დავითი და ბიძაშვილები პაპა ბერის-ძე და მარტია ნინიას-ძე მარსაგიშვილები. თამარის შვილიშვილები იყვნენ, სვიმონ გიორგის-ძის შვილები: მარიამი (დოდო)-1884 წ., შიო-1888 წ., იაკობი (კობა)-1896 წ., გიორგი -1899 წ., მოსე-1904 წ., ნატალია (ოლგა)-1907 წ. და აბრამი-1909 წ., დაბადებულნი. აგრეთვე უმცროსი შვილის იოსების (ომას) ექვსი შვილი.
თამარი ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო სამკურნალო ბალახებით და კარგადაც იყენებდა მათ საჭიროების შემთხვევაში. თავის გამოცდილებას იგი დაუფარავად გადასცემდა მომავალ თაობებს. მოხუცებულობაში მან დაიწყო თუთუნის მოწევა. მისი შვილთაშვილის შვილი ანდრო შიოს-ძე (1915 წ.) იხსენებდა: „გამოვიდოდა ეზოში სუფთა ჰაერზე (იმ დროს ცხოვრობდნენ ზემო სოფელში), ჩამოჯდებოდა ჩიბუხით ხელში, დატენიდა და მეტყოდა „მომიკიდე ცეცხლი“, მეც ავიღებდი მუგუზალს კერიიდან, რომელიც მუდმივად ენთო სახლში და ზემოდან დავადებდი ჩიბუხში თუთუნს. ერთი-ორი ნაფაზის შემდგომ მას დაუღალავად შეეძლო წარსულიდან ბევრი რამის მოყოლა, ვისაც რა გვაინტერესებდა“.
თამარისგან ბევრი რამე ახსოვდათ და ახსოვთ მის შთამომავლებს მათი წინაპრების შესახებ. მისგან ცნობილია შემდეგი მნიშვნელოვანი და უტყუარი ინფორმაცია:
-
ტროპენი ხევსურეთიდან არიან წარმოშობით. თვითონ თამარის დედამთილი-მარიამ ციხელაშვილი ხევსურის ქალი იყო სოფ. მიგუდიდან (ციხელაშვილები დღეს როსტომაულებად იხსენებიან).
-
ტროპენი დამოუკიდებელი გვარია და სისხლისმიერი ნათესაობა არ აკავშირებს მარსაგიშვილების არცერთ განაყართან. მისი სიტყვებია: „ჩვენ იმდენად შორს ვართ მარსაგიშვილების სხვა განაყართან რომ შეგვიძლია მათი გვარიდან ქალის თხოვნა“.
-
ტროპენი მილოდან(ადგილი ხევში) გამოსულნი არიან.
მე 15-18 საუკუნეებში მილოს ადგილებიდან კლდოვან ჭიუხებამდე, დედაბუდიანად იხიზნებოდა საქართველოს სხვადასხვა მხარედან გადმოხვეწილი ქართველები: ხევსურები, მთიულები, ფშაველნი და სხვები. ამ ადგილებს ერქვა მთრეხეთი. ეს დასახლება იხსენიება 1439 წლის დოკუმენტში «გერგეტელ – საყდრისშვილთა საბუთი». დღეისთვის მილოს ადგილებში კიდევ არის შემორჩენილი ისტორიული ძეგლების ნაშთები: ოთხ-კუთხოვანი სასიგნალო-სადარაჯო კოშკის საძირკველი, წმინდა მოწამე აფინოგენის (ათენგონის) სახელობის ღალანგურის ხატი, სადაც დღესაც აღინიშნება დღეობა-ღალანგურობა, ადრე ხევსურების აუცილებელი მონაწილეობით (წილდებულობა), და სულ მაღლა ჭაჭოვან ციცაბოზე შემორჩენილი მე 15-16 საუკუნის შენობის კედლები, რომელსაც მტრისგან თავშესაფარად იყენებდნენ.
სამწუხაროდ მე-18 საუკუნის საარქივო მასალებიდან ვერ დგინდება ტროპეთ პირველი ოჯახის შემოსახლება სოფელ კარკუჩაში, თუმცა ცნობილია რომ კარკუჩის ერთ-ერთ უბან „ზემო სოფელში“ პირველმოსახლენი ყოფილან დუდულენი და ტროპენი, მე-18 საუკუნის ბოლოს. მე-19 საუკუნის საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ 1816 წ. კარკუჩაში ცხოვრობდა ერთი ოჯახი ტროპეთ გვარიდან. მაშინ ჩატარებული მოსახლეობის აღწერისას, რომელიც ჩაატარა რუსულმა ადმინისტრაციამ, ეს ოჯახი ჩაწერილია როგორც მარსაგიშვილი. უნდა ითქვას რომ გვარი მარსაგიშვილი პირველად ჩნდება 1816 წელს, მანამდე გვარი იწერებოდა მამიდან შვილზე, მაგ: ივანესშვილი, ვარდასშვილი, თომასშვილი და ა.შ.
1816 წელს ტროპეთ ოჯახში შედიოდა 8 პირი - 5 მამაკაცი და 3 ქალი. მათ შორის: ბერი-34 წ. მისი მეუღლე თამარი 29 წ. და შვილი პაპა -14 წ., ბერის ძმა დათურა (ზარიბეგი) 24 წ. მისი მეუღლე მარიამი - 19 წ. ამ ორ ძმას ჰყავდა უმცროსი ძმა ნინია, მაგრამ აღწერის სიაში არ იხსენიება. შემდეგი აღწერა ჩატარდა 1831-32 წწ. იმ დროს ტროპენი ისევ ერთ ოჯახად ცხოვრობენ, სადაც უკვე გვევლინებიან 7 სულის შემადგენლობа და ჩაწერილნი არიან მარსაგიევებად (ამას ითხოვდა რუსული ადმინისტრაცია).
1842 წლის აღწერისას, ცოცხლები აღარ არიან ბერი, ზარიბეგი და ნინია, მაგრამ მათი შთამომავლები აგრძელებენ ერთ ოჯახად ცხოვრებას. ოჯახის უფროსად გვევლინება პაპა ბერის-ძე, რადგანაც ის ასაკით უფროსია -41 წ. დრო გადიოდა, ბავშვები იზრდებოდნენ, ოჯახდებოდნენ, იბადებოდნენ ახალი ბავშვები. ყოველივე ამის ფონზე 1860 წლისათვის ჩვენ უკვე ვხედავთ ტროპეთ ერთი დიდი ოჯახიდან გამოსულ სამ ოჯახს (კომლს):
-
ბერის შთამომავლები-ოჯახის უფროსი პაპა ბერის-ძე (1801 წ.), მისი მეუღლე ვართამზე ლაზარეს ასული (1803 წ), ოჯახში 6 მამაკაცია და 4 ქალი.
-
ზარიბეგის შთამომავლები- ოჯახის უფროსები ძმები: გიორგი (1822 წ.) და დავითი (1828 წ.) ზარიბეგის ძენი, შესაბამისად მათი მეუღლეები: თამარ ივანეს-ასული პაპიაშვილი (1826 წ.) და მარიამ დავითის-ასული გოგიშვილი (1831 წ). ოჯახი შედგება 6 მამაკაცისა და 4 ქალისაგან.
-
ნინიას შთამომავლები - ოჯახის უფროსი- მარტია ნინიას-ძე (1828 წ.), მისი მეუღლე მარიამ სიმონის-ასული არაბული (1831 წ.) და შვილი ივანე (გლახა).
უნდა აღინიშნოს რომ ბერის, პაპას, ზარიბეგის, ნინიას და მარტიას ყველას მეუღლეები იყვნენ ხევსური ქალები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ტროპეთ ხევსურულ წარმოშობას.
1900 წლის დასაწყისისათვის ტროპენი უკვე თერთმეტ ოჯახად (კომლად) წარმოგვიდგებიან. ამ ოჯახებში უფროსობენ უკვე მესამე თაობის წარმომადგენლები დაბადებულნი 1842-1865 წწ. სტრუქტურული სქემა ტროპეთ პირველი სამი თაობისა წარმოდგენილია ცხრილში N1, უფრო დაწვრილებით ცხრილში N2. ცალკე ოჯახებად გამოყოფის (გაყრის) შემდგომ, ტროპეთ ყოველი ოჯახი საკუთარ საკარმიდამოებს იძენენ და აშენებენ, როგორც სოფელ კარკუჩაში ისე მის ფარგლებს გარეთ. სამი ძმა ივანე, პეტრე (ტეტიკა) და გიგოლი გასახლდნენ სოფელ არშის ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია საქართველოს გასაბჭოებამდე ეკუთვნოდა მარსაგიშვილების გვარს. 1900 წ. დასაწყისში სამივე ძმამ საკუთარი მიწის ნაკვეთებზე პირველებმა ააშენეს სახლები და დასახლებას დაარქვეს „მარსაგიანი“. 1926 წლისთვის აქ უკვე ცხოვრობდა 7 ოჯახი 28 სულის შემადგენლობით, დღეს ეს დასახლება ცნობილია როგორც „ტროპეთ უბანი“ სოფელ არშაში. 1920-30 წწ. ტროპეთ 5 ოჯახი: აკენი, ნინიენი, სვიმენი, ომენი და მარტიენი, სოფ. კარკუჩაში უკვე ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე უბნებად, საკუთარი საკარმიდამო ეზოებით, სახლ-კარით და დამხმარე ნაგებობებით, რაც გრძელდება 1950-იან წლებამდე.
1938 წელს სოფლ კარკუჩაში ჩამოყალიბდა კოლექტიური მეურნეობა, რისი მიმართულებაც იყო მეცხვარეობა. გაჩნდა ელექტროენერგია, აშენდა გზები, ხიდები, გაიხსნა სკოლა, მაღაზია და საცხოვრებელი პირობებიც უმჯობესდებოდა. ახალგაზრდობა სწავლა-განათლებას დაეწაფა. სწავლის გასაგრძელებლად მიდიოდნენ ძირითადად ქ. თბილისში და ვლადიკავკაზში, სადაც ხშირად საცხოვრებლადაც რჩებოდნენ და სოფელთან პრაქტიკულად კავშირს წყვეტდნენ. მათთვის უჩვეულო ხდებოდა მეცხვარეობა და სოფლის ცხოვრება.
21-ე საუკუნეში სოფელმა კარკუჩამ ისე შეაბიჯა რომ სოფელში ტროპეთ არცერთ უბანში აღარავინ ცხოვრობს. ხუთივე უბანი თავისი სახნავ-სათესი მიწებით და სათიბ-საძოვრებით უპატრონოთ არის მიტოვებული და გავერანებული. რა ბედი ელის ხვალ და რა იქნება, არავინ არ იცის.
დღეს-დღეისობით ტროპეთ ჯიში მრავლდება და უკვე მერვე თაობის ახალგაზრდობა იზრდება, მალე მეცხრე თაობა დაიწყებს აღმოცენებას, თუმცა სამწუხაროდ არა თავის მიწა-წყალზე, ძირითადად საქართველოს სხვადასხვა მხარეს და ნაწილობრივ მის საზღვრებს გარეთ.
მინდა ყველას ვუსურვო ბედნიერება, მშვიდობიანი ცა და წარმატებული ცხოვრება. რაც ყველაზე მთავარია, თავისი წინაპრების კერისა და ფუძის არ დავიწყება. ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენ წინაპრებს, ღმერთს ვთხოვ ყველას გაუმართლოს ცხოვრებაში.
გივი პავლეს-ძე მარსაგიშვილი (სვიმეთი)
Любое использование либо копирование материалов или подборки материалов сайта, элементов дизайна и оформления допускается лишь с разрешения правообладателя и только со ссылкой на источник: www.marsagishvili.com


